1. ვის შეუძლია ფსიქოთერაპიის შესწავლა?
– ფსიქოთერაპიის შესწავლის დაწყების წინაპირობაა ბაკალავრის ხარისხის ფლობა სოციალურ ან ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში (მედიცინა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია და სხვა).
– პროგრამაზე დაიშვებიან სხვა დარგებში ბაკალავრის ხარისხის მქონე პირები რომელთაც ზემოთ აღნიშნულ მეცნიერებებში გავლილი აქვთ სულ მცირე 180 კრედიტი.
– პროგრამაზე დაიშვებიან ის პირები, რომლებიც ფლობენ მაგისტრის ან დოქტორის ხარისხს სოციალურ ან ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში მაშინაც, თუ ბაკალავრის ხარისხი მოპოვებულია სხვა სპეციალობაში.
2. ვის შეუძლია ფსიქოკონსულტირების შესწავლა?
ფსიქოკონსულტირების შესწავლა შეუძლიათ ფსიქოლოგიის დარგში ბაკალავრის ან/და მაგისტრის ხარისხის მქონე პირებს.
3. მინიმუმ რა დროში შემიძლია გავხდე ფსიქოთერაპევტი?
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) სტანდარტის შესაბამისად, ფსიქოთერაპია შეისწავლება დიპლომის შემდგომ საფეხურზე (ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ) სულ მცირე ოთხი წლის განმავლობაში.
4. შეიძლება თუ არა ერთწლიანი პროგრამის გავლის შემდეგ გავხდე ფსიქოთერაპევტი?
შეუძლებელია ერთწლიანი პროგრამით ფსიქოთერაპიის სააკრედიტაციო სტანდარტის დაკმაყოფილება.
ფსიქოთერაპიის შესწავლა არის სტრუქტურირებული და მიზანმიმართული პროცესი განსაზღვრული კომპონენტებით, რომელიც მოიაზრებს ყველა სავალდებულო ნაწილის გავლას. ფსიქოთერაპიის შესწავლის ხანგრძლივობა (სულ მცირე 3200 საათი დიპლომის შემდგომ საფეხურზე) მოიცავს სულ მცირე ოთხწლიან სწავლებას.
5. რა კომპონენტებს მოიცავს მენტალურ მეცნიერებათა ინსტიტუტში ფსიქოთერაპიის სწავლება?
ფსიქოთერაპიის პროგრამები რომელიც მიმდინარეობს მენტალურ მეცნიერებათა ინსტიტუტში აერთიანებს ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) სააკრედიტაციო სტანდარტით განსაზღვრულ ყველა კომპონენტს:
– თეორიული სწავლება
– ლიტერატურასთან დამოუკიდებელი მუშაობა
– კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიის ქვეშ
– სუპერვიზია
– პირადი თერაპია
6. არ ვარ პროფესიით ფსიქოლოგი, შემიძლია თუ არა ფსიქოლოგი გავხდე ტრენინგების გავლის შემდეგ?
ფსიქოლოგია არის მეცნიერების დარგი, რომელიც მხოლოდ უმაღლესი განათლების საფეხურზე უნდა შეისწავლოთ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში (უნივერსიტეტში) შესაბამისი საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საფეხურების გავლის გზით. მცდარია ყველა ინფორმაცია/დაპირება, რომელიც ტრენინგების გავლის საშუალებით ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მიღებას გპირდებათ.
7. შეუძლია თუ არა ფსიქოკონსულტანტს ფსიქოთერაპევტად მუშაობა?
არა. ფსიქოთერაპია და ფსიქოკონსულტირება სხვადასხვა დარგია. ორივე მათგანი მიეკუთვნება მენტალურ მეცნიერებებს თუმცა განსხვავებული შესწავლის საგანი, სწავლების წინაპირობა და ფსიქიკაში ინტერვენციის სხვადასხვა მექანიზმი აქვთ.
8. შეუძლია თუ არა ფსიქოლოგს ფსიქოთერაპევტად მუშაობა?
ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი დარგია. ფსიქოლოგს ფსიქოთერაპევტად მუშაობა შეუძლია მხოლოდ დიპლომის შემდგომ საფეხურზე ფსიქოთერაპიის შესწავლის შემთხვევაში.
9. რა პრობმელებზე შევძლებ მუშაობას ფსიქოთერაპიის შესწავლის შემთხვევაში?
– შფოთვა ან კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
– სტრესთან გამკლავების პრობლემები ან სტრესული სიტუაციებისგან თავის დახსნა;
– უნდობლობა და სიმორცხვე;
– დეპრესია, გუნება-განწყობილების დაქვეითება, სევდა, სიცარიელის შეგრძნება;
– გუნება-განწყობილების ცვალებადობა;
– ურთიერთობების დამყარებისა ან შენარჩუნების სირთულე, ან ახალი ურთიერთობის დაწყების შიში.
– სექსუალური პრობლემები;
– რაიმე სახის დანაკლისები: სამსახურის დაკარგვა, განქორწინება, ფიზიკური დანაკლისი;
– კვებითი დარღვევები;
– თვითდაზიანების სურვილი;
– აკვიატებული ქცევა;
– პანიკური შეტევა და ფობია;
– სხვადასხვა დამოკიდებულებები და სხვა.
– ფსიქოტრავმა